საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ორგანიზება გაუწია შეხვედრას “მრგვალი მაგიდა მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 10 წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ”

2018 წლის 6 აგვისტოს, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ორგანიზება გაუწია შეხვედრას “მრგვალი მაგიდა მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 10 წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ”. შეხვედრის მიზანს მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების  პერსპექტივებისა და სირთულეების შესახებ მსჯელობის ხელშეწყობა წარმოადგენდა. ეროვნული მაგალითებისა და გამოცდილებების წარმოდგენით, განსაკუთრებული ყურადღება გაყინული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე გამახვილდა,. შეხვედრის დროს გაიმართა დისკუსია შესაძლო რეაგირებაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიული ტაქტიკისა და ჰიბრიდული საომარი მოქმედებების საპასუხოდ.  

დისკუსია გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ გახსნა. თავის გამოსვლაში მან დეტალურად განიხილა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია, რომლის კულმინაცია რუსეთ-საქართველოს ომი და შედეგად, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაცია გახდა. ჰერითიჯის ფონდის     საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ლუკ კოფიმ ისაუბრა 2008-ის წლის ომის უფრო ფართე მნიშვნელობაზე, რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის ხასიათზე, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომზე, როგორც 2008 წელს საქართველოში დაწყებული რუსეთის აგრესიული ქმედებების გაგრძელებაზე

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, ემსჯელათ 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ ევროპის კრიზისს შორის ურთიერთკავშირზე. თავიანთ გამოსვლებში უკრაინის, ავსტრიის, ესტონეთის, გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის, ნიდერლანდების, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და თურქეთის წარმომადგნელებმა კიდევ ერთხელ მტკიცედ დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მონაწილეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია  საერთაშორისო სახელმწიფო საზღვრების ძალის გამოყენებით გაუქმება და მოითხოვა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპების უპირობო პატივისცემა. მონაწილეებმა მოიწონეს საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივია - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომლის მიზანი  საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახელობისთვის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებაა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ათი წელი გავიდა. ათწლეულის წინ, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა   ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს მიმართ ღია აგრესიის მოწმე გახდა, რაც გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების უხეში დარღვევა იყო.  

ხანმოკლე, მაგრამ დამანგრეველი ომი ევროკავშირის   დიდი ძალისხმევით შეჩერდა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შეიქმნა გაეროს, ევროკავშირის, ეუთოს თანათავმჯდომარეობით და აშშ- მონაწილეობით, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის გადაუჭრელი კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების პლატფორმა.  რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე. სიტუაციას კიდევ უფრო  ამწვავებს რუსეთის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიისაკენ, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმებთან .. ინტეგრაციის ხელშეკრულების ხელმოწერის გზით.

მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, საქართველო კვლავაც განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას დიალოგისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის გზით. საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ძალისხმევა ომისა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოების  შერიგებისკენ.

 ათწლიანი ოკუპაციისა და ყოველდღიური პროვოკაციების მიუხედავად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიულ გარდაქმნებსა და კარგ მმართველობაში და მყარი საფუძველი ჩაუყარა  მდგრად  ეკონომიკურ  განვითარებას. საქართველომ წარმატებას მიაღწია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში, რაც წარმოაჩენს ქართველი ხალხის უპირობო ერთგულებას  საერთო დემოკრატიული ფასეულობების მიმართ.