საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მესამე კომიტეტის ფარგლებში

2018 წლის 31 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მესამე კომიტეტის ფარგლებში (დღის წესრიგის საკითხი 65: გაეროს ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის ანგარიში)

თავის განცხადებაში, ელენე აგლაძემ გამოხატა ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის (UNHCR) მანდატის სრული მხარდაჭერა და ისაუბრა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაცავად საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

აღინიშნა, რომ 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, რათა უზრუნველყოფილ იქნას ყველა თავშესაფრის მაძიებელის, ლტოლვილისა და იმ პირის უფლებების დაცვა, რომელიც საერთოშორისო დაცვას საჭიროებს. ელენე აგლაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მრავალ დახმარების პროგრამას ახორციელებს, რათა გააუმჯობესოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობები, რაც მოიცავს სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამავდროულად, იძულებით გადაადგილებული პირების ფუნდამენტური უფლება, რომ უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებში კვლავაც სრულად უგულვებელყოფილია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. 
ამდენად, ქართველმა დელეგატმა, მოუწოდა გაერო-ს წევრ სახელმწიფოებსა და უმაღლეს კომისარს მეტი ყურადღება მიაპყრონ ყველა დევნილისა და ლტოლვილის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების უზრუნველყოფას როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით.