საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ, მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ინტერაქტიულ დიალოგში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან - ქალბატონ მიშელ ბაშელესთან

2018 წლის 15 ოქტომბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ, მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ინტერაქტიულ დიალოგში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან - ქალბატონ მიშელ ბაშელესთან.

თავის გამოსვლაში, ელენე აგლაძემ მიულოცა ქ-ნ ბაშელეს უმაღლესი კომისრის პოზიციაზე დანიშვნა და გამოუცხადა სრული მხარდაჭერა მის მანდატს. მან, ასევე, ისაუბრა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR) არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და იმ ტექნიკურ დახმარებაზე, რასაც კომისრის ოფისი საქართველოს უწევს.

საქართველოს დელეგატმა ხაზი გაუსვა უმაღლესი კომისრის საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ ანგარიშის A/HRC/39/44 მნიშვნელობას, რომელიც წარმოდგენილი იყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 39-ე სესიაზე, HRC-ის 37/40 რეზოლუციის - „საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ“- მოთხოვნის საფუძველზე.  ანგარიში ნათლად ასახავს, რომ მიმდინარე რუსული ოკუპაცია საქართველოს ორ რეგიონში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ერთადერთი ფაქტორია, რაც  ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. 

ელენე აგლაძემ გამოხატა შეშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად უმაღლესი კომისრის მრავალი მცდელობისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს 37/40 რეზოლუციის პირდაპირი მოწოდებისა, საოკუპაციო ძალამ და მისმა რეჟიმებმა კიდევ ერთხელ არ მისცეს საშუალება კომისრის ოფისს, რომ ორივე ოკუპირებულ რეგიონში შესულიყო. ხაზი გაესვა იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ყურადღების გამახვილებისას, აუცილებელია ადგილზე  საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაუყოვნებელი შექმნა და ასევე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორების, უმაღლესი კომისრის ოფისის ჩათვლით, შეუზღუდავი შესვლა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. 

ID with UNHCHR 2018 final.pdf