საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო მეორე ყოველწლიურ 16+ ფორუმში, რომელიც ფრიტაუნში, სიერა ლეონეში ჩატარდა

2018 წლის 7-10 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო მეორე ყოველწლიურ 16+ ფორუმში, რომელიც ფრიტაუნში, სიერა ლეონეში ჩატარდა. როგორც 2030 დღის წესრიგის მშვიდობიანი, თანასწორი და ინკლუზიური ელემენტის ერთ-ერთი საფუძველი, მდგრადი განვითარების მიზანი 16 (SDG 16) წარმოადგენს ახალი სამუშაო ჩარჩოს ყველაზე ინოვაციურ ასპექტს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდაზე, ნდობის შენებაზე და მშვიდობის შენარჩუნებაზე. 16+ ფორუმი შეიქმნა გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის (WFUNA), საქართველოს, ავსტრალიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, გუატემალას. სიერა ლეონეს, შვედეთის, კორეის რესპუბლიკის, ტიმორ-ლეშტეს, ტუნისის მუდმივი წარმომადგენლობებისა და g7+ ქვეყნების თანამშრომლობით და მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას SDG 16, 2030 დღის წესრიგისა და გაეროს სხვა პრიორიტეტების ურთიერთკავშირს.   

16+ ფორუმის ფარგლებში, ბატონმა კახა იმნაძემ სპიკერის რანგში მონაწილეობა მიიღო პანელში „ინკლუზიისა და ინსტიტუციების გაძლიერება პროცესში და შედეგები“, სადაც ისაუბრა საქართველოს პერსპექტივაზე და რეკომენდაციებზე საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.  საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გააზიარა საქართველოს გამოცდილება გაუმჯობესებული ეფექტური და გამჭვირვალე სერვისის მოწოდებაში. ქართული მოდელი უზრუნველყოფს 400-ზე მეტ სერვისს ელექტრონულ პლატფორმაზე და ზრდის ანგარიშვალდებულებასა და საზოგადო ნდობას მთავრობის მიმართ.

ბატონმა კახა იმნაძემ ისაუბრა მთავრობის გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე და მოქალაქეების ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნდობისა და ეფექტურობისთვის და განიხილა საქართველოს გამოცდილება ამ მიმართულებით.

ფორუმის მსვლელობისას, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი შეხვდა ბატონ ალი კაბას, სიერა ლეონეს საგარეო საქმეთა მინისტრს და ქალბატონ ნაბილა ტუნისს, დაგეგმარებისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრს. შეხვედრების დროს მოხდა მოსაზრებების გაცვლა გაეროს საკითხებზე და საქართველოს გამოცდილებაზე კარგი მმართველობის რეფორმებთან დაკავშირებით.