საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ეკა ყიფიანი სიტყვით გამოვიდა ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშის გენერალური დებატის ფარგლებში

2018 წლის 2 ნოემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ეკა ყიფიანი სიტყვით გამოვიდა ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშის გენერალური დებატის ფარგლებში (დღის წესრიგის საკითხი 69, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე პლენარული სხდომა).

თავის განცხადებაში, ეკა ყიფიანმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭო (HRC) წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ვალდებულებების საყრდენ ძალას. HRC-ის რეკომენდაციები, სპეციალური პროცედურების მანდატები, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) პროცესი და უმაღლესი კომისრის ტექნიკური დახმარება - გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა მექანიზმებთან ერთად - წარმოადგენენ მნიშვნელოვან საყრდენს, რომელიც ეხმიანება ადამიანს უფლებათა პრობლემებს. თუმცა, მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ამ ინსტიტუციის სრული პოტენციალი გამოყენებული იქნას.

როგორც ქართველმა დელეგატმა განაცხადა, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვა HRC-ში და მის მექანიზმებში დადებითად იმოქმედებს ინსტიტუტზე. ეკა ყიფიანმა აღნიშნა, რომ საქართველი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არასამთავრობო ორგანიზაციების როლს და უზრუნველყოფს, რომ სამოქალაქო საზოგადოების აზრი გათვალისწინებულ იქნას.

ეკა ყიფიანმა განაცხადა, რომ საქართელო, ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების და გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემის მიერ მოწოდებული ადამიანის უფლებათა რეკომენდაციების დანერგვას. ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართელომ ჩამოაყალიბა სპეციალური ინსტიტუტი აღნიშნული ვალდებულებების და რეკომენდაციების ეროვნულ დონეზე განხორციელების მონიტორინგის მანდატით.

საქართველოს დელეგატმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა „საქართველოსთან თანამშრომლობის“ რეზოლუციაზე, რომელიც HRC-ს 37-ე სესიაზე იქნა მიღებული და რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა (OHCHR) და საერთაშორისო და ეროვნული ადამიანის უფლებათა მექანიზმების შესვლას მოითხოვს. ხაზი გაესვა იმას, რომ OHCHR-ის ლიდერობას და საკითხში ჩართულობას შეუძლია შეაჩეროს ადგილზე მდგომარეობის გაუარესების პრევენცია.