საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში - საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება: მულტილატერალიზმის გაძლიერება და გაეროს როლი

2018 წლის 9 ნოემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში - საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება: მულტილატერალიზმის გაძლიერება და გაეროს როლი.

 თავის განცხადებაში ბატონმა იმნაძემ აღნისნა, რომ წელს 10 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც საქართველომ განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია რუსეთის, უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრის, მხრიდან, რამაც გამოიწვია ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. რამდენიმე წლის შემდეგ, უკრაინაც იგივე აგრესორის მსხვერპლი გახდა. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, ფუნდამენტური ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ასეთი აშკარა დარღვევები და სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფა, ევროპის უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო წესრიგისთვის დიდი დარტყმა იყო.

 ბატონმა კახა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რჩება ერთგული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რაც, ერთის მხრივ, მიმართულია საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციისკენ და მეორეს მხრივ, ომის და საოკუპაციო ხაზის მიერ გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ.

 საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ ამ წუთებში რუსული საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალში აძლიერებს საოკუპაციო ხაზს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის გასწვრივ 1 კმ სიგრძის ხელოვნური ბარიერების დადგმით. მავთულხლართებმა და სხვა ხელოვნურმა ბარიერებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკვე 100 კმ-ს სიგრძეს მიაღწიეს, რაც აშორებს ოჯახებს, ართმევს ადამიანებს თავისუფალი გადაადგილების უფლებას, ქონებას, სასოფლო მიწებს, რელიგიურ ადგილებს და სასაფლაოებს, ასევე, ჯანდაცვაზე, გადაუდებელ დახმარებაზე და მშობლიურ ენაზე განათლებაზე ხელმისაწვდომობას.

 ბატონმა იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ადგილზე, ისევე, როგორც საერთაშორისო ადამიანის უფლებების მონიტორების დაბრკოლების გარეშე შეღწევა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. აღინიშნა, რომ ამის საპირისპიროდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ხდება მოლაპარაკებების არსებული  ფორმატის ძირის გამოთხრა ინციდენტების პრევენციისა და საპასუხო მექანიზმების (IPRMs) დაკნინებით, რომელიც შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის (GID) ფარგლებში.  

ბატონმა კახა იმნაძემ შეახსენა დამსწრეებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს აქტიურად იყო ჩართული საქართველოში 1993-დან 2009 წლამდე, სანამ რუსეთის ფედერაციამ არ გამოიყენა ვეტოს უფლება და დაბლოკა გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში (UNOMIG). გაეროს მისიის დაბლოკვით სწორად იმ დროს, როდესაც მისი ყოფნა ყველაზე მეტად იყო აუცილებელი (2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ), რუსეთის ფედერაციამ საშიში პრეცედენტი შექმნა გაეროს მშვიდობისმყოფელების ისტორიაში.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ვეტოს უფლების არასწორად გამოყენებამ ტრაგიკული შედეგები გამოიღო მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც, რადგან ბოლო ორი წლის მანძილზე ვეტოს გამოყენების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ბატონმა კახა იმნაძემს ხაზაგსმით აღნიშნა, რომ აუცილებელია როგორც უშიშროების საბჭოს, ასევე, ზოგადად გაეროს რეფორმა, იმისათვის, რომ გაიზარდოს ეფექტურობა ისეთი გლობალური გამოწვევევბის მიმართ, როგორიცაა კონფლიქტების მოგვარება, ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისი, კლიმატური ცვლილება და სხვა, რათა მიღწეულ იქნას ერთსულოვნება, ინკლუზიურობა და საზოგადოებების განვითარება, საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დამყარებული წესრიგის პატივისცემით.

ამასთან, გაეროს გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოში გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ნოემბრის განცხადება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქარელის მუნიციპალიტეტიტის სოფელ ატოცთან 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებასთან დაკავშირებით.

განცხადების სრული ტექსტი: 2018 11 09 UNSC Last edit (2).pdf