საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში - „სახელმწიფოების, რეგიონული ორგანიზაციებისა და გაეროს როლი კონფლიქტის პრევენციასა და მოგვარებაში“

2018 წლის 6 დეკემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში - „სახელმწიფოების, რეგიონული ორგანიზაციებისა და გაეროს როლი კონფლიქტის პრევენცისა და მოგვარებაში“.

 თავის განცხადებაში, ბატონმა იმნაძემ კონფლიქტის პრევენციისა და მისი გადაწყვეტის პროცესში რეგიონული ორგანიზაციების როლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჰქონდა გაეროსა და ეუთოსთან. ორივე ორგანიზაციის მისიები განლაგებული იყო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში  (UNOMIG და ეუთოს მისია), რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილზე უსაფრთხოების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ორივე მისიის საქმიანობა შეწყდა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ ვეტოს უფლების გამოყენების გამო, რამაც საერთაშორისო მონიტორინგის ვაკუუმი წარმოშვა.

 როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, საბედნიეროდ საქართველოში განთავსდა ევროკავშირის მონიტორინგის მისია EUMM, რომელიც ადგილზე ახორციელებს მონიტორინგს. თუმცა, მისია, სამწუხაროდ, ვერ ახორციელებს თავის მანდატს სრულად, რადგან რუსეთის ფედერაცია ბლოკავს ოკუპირებულ რეგიონებში მისი შესვლის შესაძლებლობას.

 ბატონმა იმნაძემ ისაუბრა გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს,  როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეების კომპლემენტარულ როლზე. მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ფორმატის სრული პოტენციალი კვლავაც არ არის გამოყენებული, რადგან ფორმატის არსებით საკითხებზე პროგრესი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ვერ ხორციელდება. იმავდროულად, ხდება  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ქოლის ქვეშ შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გაუმართლებელი პოლიტიზება და მათი საქმიანობის დაბრკოლება. ამ კონტექსტში ელჩმა იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია IPRM-ების შენარჩუნება და  მათი ჩვეული საქმიანობის დაუყვნებელი აღდგენა, ფორმატის დამფუძნებელი პრინციპებისა და წესების სრული დაცვით.

 ბატონმა იმნაძემ განაცხადა, რომ უსაფრთხოების, განვითარებისა და ადამიანის უფლებების შორის არსებული ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა საბჭოს და გაეროს მთლიანი სისტემის ერთობლივი ჩართულობა. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა საბჭოს დღის წესრიგის 10-ე საკითხის ქვეშ - ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობების ამაღლება - როგორც უაღრესად პრაქტიკულ და ეფექტურ მექანიზმს პრევენციული ზომების კუთხით.