საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის მაღალი დონის პლენარულ სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა ადამიანის უფლებათა დამცველების დეკლარაციის მიღების 20 წლისთავს

2018 წლის 18 დეკემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის მაღალი დონის პლენარულ სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა ადამიანის უფლებათა დამცველების დეკლარაციის მიღების 20 წლისთავს.

თავის განცხადებაში ელენე აგლაძემ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დამცველები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ დემოკრატიულ საზოგადოებებში. ელენე აგლაძის თქმით, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ხელსაყრელ გარემოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (CSOs), რათა თავისუფლად იმუშაონ და დაიცვან ადამიანის უფლებები ქვეყანაში.

მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ასევე, ხაზი გაუსვა ეროვნული უფლებადამცველი ინსტიტუტების მნიშვნელობას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. აღინიშნა, რომ საქართელოს უფლებადამცველი ინსტიტუტი - სახალხო დამცველის ოფისი არის კონსტიტუციის საფუძველზე შექმნილი ინსტიტუტი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს საქართელოში, ააშკარავებს ადამიანის უფლებების დარღვევებს და მონაწილეობას იღებს უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების აღდგენის კუთხით.

ელენე აგლაძემ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, უფლებადამცველებს უწევთ გაუმკლავდნენ ბევრ სირთულეს და ხშირად ანგარიშსწორების მსხვერპლი ხდებიან. მან აღნიშნა, რომ საქართველო უერთდება საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას, რათა დაუყოვნებლივ შეწყდეს უფლებადამცველებზე ანგარიშსწორება. სირთულეები განსაკუთრებით მძიმეა ტერიტორიებზე, სადაც სუვერენული სახელმწიფოები ვერ ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს, კონკრეტულად კი რუსეთის მიერ საქართელოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში, სადაც ადამიანის უფლებების დამცველები იდევნებიან. ელენე აგლაძემ ხაზი გაუსვა, რომ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის საქმე ასეთი შემაშფოთებელი პრაქტიკის ერთ-ერთი უკანასკნელი მაგალითია.

განცხადების სრული ტექსტი: GEO statement Elene.pdf