საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართელოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში „სექსუალური ძალადობა კონფლიქტის დროს“.

2019 წლის 23 აპრილს, გაეროსთან საქართელოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში „სექსუალური ძალადობა კონფლიქტის დროს“.

თავის განცხადებაში, ელენე აგლაძემ აღნიშნა, რომ 2019 წელს 10 წელი უსრულდება გაეროს გენერალური მდივნის კონფლიქტში სექსუალური ძალადობის საკითხებზე სპეციალური წარმომადგენლის მანდატს. ამ პერიოდში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის ძირეული მიზეზების დადგენისა და მისი დამანგრეველი შედეგების აღმოფხვრის კუთხით. მიუხედავად ამისა, სექსუალური ძალადობა დღესაც გამოიყენება საომარი მოქმედების სტრატეგიისა და ტერორის ტაქტიკის სახით და წარმოადგენს, როგორც იძულებითი გადაადგილების მიზეზს, ასევე, შედეგსაც. საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გაეროს წევრი ქვეყნების უპირველესი პასუხისმგებლობაა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის აღმოფხვრა მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის გზით.

ელენე აგლაძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ზომებზე, როგორებიცაა: ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულება გაეროს უშიშროების საბჭოს ქალების, მშვიდობისა და უსაფთხოების შესახებ რეზოლუციის იმპლემენაციის მიზნით, რაც მოიცავს იძულებით გადაადგილებული ქალებისა და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებების, პრიოროტეტებისა და რეკომენდაციების ჩართვას მშვიდობისა და უსაფრთხოების ძალისხმევაში და ასევე, ქალების გაზრდილ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოსალაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში. მან ხაზი გაუსვა, რომ გენდერული თანასწორობა უმთავრესი საკითხია საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო კადრების მენეჯმენტში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების გარანტიაა. დღევანდელი მონაცემებით, შეიარაღებული ძალების 8%-ს და 49% თავდაცვის სამინისტროს შტატს ქალები შეადგენენ. თავდაცვის სამინისტრომ განაახლა საკანონმდებლო ბაზა სამხედრო მოსამსახურეების მიერ სექსუალური ძალადობის ჩადენის შემთხვევაში პასუხისგების უზრუნველყოფისთვის და დააწესა სავალდებულო სასწავლო კურსი ყველა მოსამსახურისთვის სამსახურში სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის საკითხზე.

ელენე აგლაძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ძალისხმევებზე სამშვიდობო პროცესში კონფლიქტში დაზარალებული ქალების სრულფასოვნად ჩართვის შესახებ, თუმცა, აქვე ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესს აფერხებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო ჩართულობა და მონიტორინგი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში არის აუცილებელი პირობა გენდერული თანასწორობის დაცვისა და ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის მიზნით.


განცხადების სრული ტექსტი:WPS UNSC.pdf