საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი სალომე იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში „სამოქალაქო პირების დაცვა შეირაღებული კონფლიქტების დროს“

2019 წლის 23 მაისს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი სალომე იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში „სამოქალაქო პირების დაცვა შეირაღებული კონფლიქტების დროს“.

თავის განცხადებაში საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 20 წელი სრულდება უშიშროების საბჭოს მიერ შეიარაღებული კონფლიქტების დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ პირველი ღია დებატის ჩატარებისა და 1265 (1999) რეზოლუციის მიღებიდან. თუმცა, 20 წლის შემდეგაც, მშვიდობიანი მოსახლეობა ისევ არის შეიარაღებული კონფლიქტების, ჰუმანიტარულ და სამედიცინო პერსონალზე თავდასხმების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისა და ასევე, სქესობრივი ნიშნით ძალადობის მსხვერპლი. განსაკუთრებით დაუცველები არიან ქალები, ბავშვები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები.

სალომე იმნაძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებაზე ფრანგული ინიციატივის „პოლიტიკური დეკლარაცია შეიარაღებულ კონფლიქტებში სამედიცინო პერსონალის დაცვის თაობაზე“ მხარდაჭერის შესახებ.

საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით. აღინიშნა, რომ საოკუპაციო ძალის მხრიდან თანამშრომლობაზე უარი აფერხებს პროგრესს და დამნაშავეთა დაუსჯელობის აღკვეთას.

სალომე იმნაძემ ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის ძალისხმევებზე. მან, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს თანამშრომლობას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან (ICRC). კერძოდ, მან ისაუბრა ICRC-ის მიერ ომში დაკარგული ადამიანების ადგილსამყოფელის დადგენის, დაღუპულების იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადმოცემის კუთხით გაწეული დახმარების შესახებ. აღინიშნა, რომ 2013 წლიდან, კომიტეტის დახმარებით, იდენტიფიცირება გაუკეთდა 200-მდე დაღუპულს და მოხდა მათი გადმოსვენება.

საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, საქართველოს მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას დაიცვას მისი მოსახლეობა რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს და მოკლებულია როგორც უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიებს, ასევე საკუთარი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების შესაძლებლობებს. როგორც სალომე იმნაძემ განაცხადა, გასული წლების მანძილზე ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა სიცოცლის აღკვეთის შემთხვევები არის ძალზედ შემაშფოთებელია და სამწუხაროდ, წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი. სულ ცოტა ხნის წინ დაიღუპა ქართველი იძულებით გადაადგილებული პირი ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.

საქართველოს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ეფექტური კონტროლის განხორციელების გათვალისწინებით, საქართველოს წარმომადგენელმა მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს მტკიცე და მკაფიო შეფასევა მისცენ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების არ დაშვების გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობას.

განცხადების სრული ტექსტი: Final 23.05.2019 - Protection of Civilians in armed conflicts.pdf