საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 14 ნოემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის 74-ე სესიის ფარგლებში

2019 წლის 14 ნოემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის 74-ე სესიის ფარგლებში A/C.3/74/L.28 რეზოლუციის - „ადამიანის უფლებების მდგომარეობა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქალაქ სევასტოპოლში, უკრაინა“- პროექტის განხილვისას. საქართველო იყო აღნიშნული რეზოლუციის ერთერთი თანა-სპონსორი.

ელენე აგლაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მამართ საერთაშორისოდ აღიარებულ საძღვრებში და გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა წარდგენილი რეზოლუციისადმი.

მუდმივი წარმომადგენელის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო შეშფოთებულია ადამიანის უფლებების მდგომარეობით რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყირიმში მცხოვრები მოსახლეობა კვლავაც განიცდის დისკრიმინაციას და ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დარღვევებს, როგორიცაა სიტყვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, წამება, გატაცება, იძულებითი გაუჩინარება, თვითნებური დაკავებები და სხვა. მან განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ე.წ. „პასპორტიზაციის“ პროცესისა და ყირიმის მაცხოვრებლების ნახევარკუნძულიდან გამოდევნასთან დაკავშირებით. ელენე აგლაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებების დაუშვებლობა და გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს უწყობს საკუთარი მოსახლეობის ჩასახლებას ნახევარკუნძულზე, რაც ჟენევის კონვენციების პირდაპირი დარღვევა და ყირიმის დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლის მცდელობის აშკარა ნიშანია.

საქართველოს დიპლომატის თქმით, გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში (A/74/276) - „ადამიანის უფლებების მდგომარეობა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქალაქ სევასტოპოლში, უკრაინა“- ადასტურებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების, როგორც საოკუპაციო ძალის, მარცხს ადექვატურად უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა ყირიმში. ელენე აგლაძემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაწერილია გენერალური მდივნისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) შესაბამის ანგარიშებში, მათ შორის უზრუნველყოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეუზღუდავი და დაუყოვნებელი შესვლა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მოუწოდა დელეგატებს, კენჭისყრაზე მხარი დაეჭირათ რეზოლუციის პროექტისთვის.

2019 წლის 14 ნოემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა კიდევ ერთხელ მიიღო ადამიანის უფლებების მდგომარეობა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქალაქ სევასტოპოლში, უკრაინის შესახებ რეზოლუცია, რომელსაც მხარი დაუჭირა 67-მა წევრმა-სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, წინააღდეგ ხმა მისცა 23-მა, ხოლო თავი შეიკავა 82-მა ქვეყანამ.