საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 19 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში თემაზე შერიგების როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

2019 წლის 19 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში თემაზე შერიგების როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

თავის გამოსვლაში ბატონმა იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია და აგრძელებს შერიგებისა და ჩართვის პოლიტიკას აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში. აღინიშნა, რომ 2018 წელს, ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ მიიღო სამშვიდობო ინიციატივების პაკეტი სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ინიციატივამ დიდი ინტერესი გამოიწვია ორივე რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობაში და მიუხედავად გამყოფ ხაზებზე აღმართული ხელოვნური ბარიერებისა, ხალხთაშორისი კონტაქტი და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ბატონი კახა იმნაძის განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის ხელშეწყობა, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების ზრდა და მათთვის საქართველოს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შესაბამისი ტექნიკური პროცედურების გამარტივებით.

ბატონმა იმნაძემ აღნიშნა, რომ უფასო ჯანდაცვის მომსახურება უმთავრესი მიმართულებაა საქართველოს მთავრობის მშვიდობისა და ჩართვის პოლიტიკაში, რის მეშვეობითაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს ხელი მიუწვდებათ სხვადასხვა ჯანდაცვის პროგრამებზე. ამ კონტექსტში ელჩმა შეშფოთება გამოთქვა, რომ აღნიშნული პროგრამა ცხინვალში სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. რამდენიმე კვირის წინ საქართველომ უშიშროების საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. „ბორდერიზაციის“ ახალი ტალღისა და ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონში გადასასვლელი პუნქტების დახურვის შესახებ. ამან კიდევ ერთი ფატალური შემთხვევა გამოიწვია, როდესაც 70 წლის მარგო მარტიაშვილი, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, გარდაიცვალა რადგან საოკუპაციო რეჟიმმა მას გადასასვლელი პუნქტის გადაკვეთის და საავადმყოფოში მისვლის შესაძლებლობა არ მისცა.

ბატონმა კახა იმნაძემ განაცხადა, რომ 9 ნოემბერს თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ იქნა დაკავებული სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან ვიზიტის განხორციელებისას, მას შეეფარდა 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა და ის დღემდე დაკავებულია ე.წ. „საზღვის უკანონო კვეთის“ ბრალდებით და სხვა უსაფუძვლო და გამოგონილი ბრალდებებით. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მოითხოვა ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მტკიცე და პრინციპული პოზიცია დაიკავოს ამ საკითხზე.