საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 21 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის (CRC) მიღების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში.

2019 წლის 21 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის (CRC) მიღების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში.

თავის გამოსვლაში ბატონმა კახა იმნაძემ განაცხადა, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციაზე, ასევე ფაკულტატურ ოქმებზე მიერთებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას და წაახალისოს ბავშვთა უფლებები. აღინიშნა, რომ ბავშვთა უფლებების უწყებათაშორისო კომისია 2016 წელს დაფუძნდა კონვენციისა და ფაკულტატური ოქმების შესრულების და სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის ეფექტური კოორდინაციის მიზნით.

ბატონმა კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც საქართველოში ბავშვთა დაცვის კანონმდებლობის ყოვლისმომცველი დოკუმენტია.

ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ ახლახანს აღებულ ვალდებულებებზე. კერძოდ, საქართველომ ვალდებულება აიღო: შექმნას რეფერალური მექანიზმი 7-დან 18 წლის ასაკის ბავშვებისთვის და მიაწოდოს ბენეფიციარებს შესაბამისი სერვისები; მიიღოს ზომები, რომ ხელმისაწვდომი გახადოს შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის ინკლუზიური განათლება და უზრუნველყოს სავალდებულო განათლება ყველა ბავშვისთვის შემდეგი 5 წლის მანძილზე.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ ბავშვებთან მიმართებაში, რომლებიც მათი უფლებების უხეშ დარღვევას და შეზღუდვებს განიცდიან, მათ შორის გადაადგილების თავისუფლებაზე, განათლების უფლებაზე და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობაზე. ხაზი გაესვა, რომ საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობა აუარესებს ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობას ადგილზე. ბატონმა კახა იმნაძემ განაცხადა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა და განხორციელება, როგორც მშვიდობიან, ასევე, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა.