საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ეკა ყიფიანი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მესამე კომიტეტის გენერალური დებატის ფარგლებში

2020 წლის 7 ოქტომბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ეკა ყიფიანი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მესამე კომიტეტის გენერალური დებატის ფარგლებში.
ეკა ყიფიანმა ისაუბრა ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ადამიანის უფლებების ეროვნული მექანიზმების განმტკიცების კუთხით. აღინიშნა, რომ პრემიერ მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელობით, მუშავდება ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია 2021-2030 წლებისთვის.
საქართველოს წარმომადგენელმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ლგბტ პირების უფლებების დაცვის მიზნით.
თავის გამოსვლაში ეკა ყიფიანმა გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთის მიერ საქართელოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია აბრკოლებს საქართველოს მთავრობას გაავრცელოს ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო იმ პირებზე, რომლებიც უკანონოდ აღმართული მავთულხლართების მეორე მხარეს რჩებიან.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად, პანდემიის ფონზეც კი, რუსეთი განაგრძობს დესტრუქციულ ქმედებებს და აუარესებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში. ყოველდღურად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მიმდინარეობს უკანონო დაკავებები, გატაცებები, სროლები, იმ ადამიანთა მკვლელობა, რომლებიც ცდილობენ გადალახონ ეს ბარიერები, ეთნიკური დისკრიმინაცია, ასევე იზღუდება საკუთრების, ჯანმრთელობის და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებები. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაითხარა გამყოფი თხრილები და დამონტაჟდა რკინის ღობეები სოფელ ატოცთან, ხურვალეთსა და ზემო ნიქოზთან ახლოს.

ხაზი გაესვა იმასაც, რომ რუსეთის ფედერაციას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ყველა ზემოაღნიშნულ მძიმე დარღვევაზე.

განცხადების სრული ტექსტი: Statement Gen-debate UNGA75 3C (2).doc