საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში A/C.3/75/L.32 რეზოლუციის - „ადამიანის უფლებების მდგომარეობა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქალაქ სევასტოპოლში, უკრაინა“- პროექტის განხილვისას

2020 წლის 18 ნოემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში A/C.3/75/L.32 რეზოლუციის - „ადამიანის უფლებების მდგომარეობა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქალაქ სევასტოპოლში, უკრაინა“- პროექტის განხილვისას. საქართველო იყო აღნიშნული რეზოლუციის ერთერთი თანა-ავტორი.
კახა იმნაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მამართ საერთაშორისოდ აღიარებულ საძღვრებში და გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა წარდგენილი რეზოლუციის პროექტისადმი.
მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველო შეშფოთებულია ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობით, სადაც მოსახლეობა კვლავაც განიცდის დისკრიმინაციას და ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დარღვევებს, როგორიცაა წამება, გატაცება, იძულებითი გაუჩინარება, თვითნებური დაკავება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და სხვა სერიოზული დარღვევები. განსაკუთრებული შეშფოთება გამოითქვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყირიმში დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლისკენ მიმართული პოლიტიკის შესახებ.
კახა იმნაძის თქმით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ანგარიშები, ასევე გენერალური მდივნის ანგარიში (A/75/334) - „ადამიანის უფლებების მდგომარეობა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქალაქ სევასტოპოლში, უკრაინა“ - ადასტურებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების, როგორც საოკუპაციო ძალის, მარცხს ადექვატურად უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა ყირიმში. კახა იმნაძმ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაწერილია გენერალური მდივნისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის შესაბამის ანგარიშებში, მათ შორის უზრუნველყოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეუზღუდავი და დაუყოვნებელი შესვლა უკრაინის მთელს ტერიტორიაზე.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მოუწოდა დელეგატებს, კენჭისყრაზე მხარი დაეჭირათ რეზოლუციის პროექტისთვის.
2020 წლის 18 ნოემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა კიდევ ერთხელ მიიღო ადამიანის უფლებების მდგომარეობა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქალაქ სევასტოპოლში, უკრაინის შესახებ რეზოლუცია, რომელსაც მხარი დაუჭირა 63-მა წევრმა-სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ხოლო წინააღდეგ ხმა მისცა 22-მა.