საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობდა, გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის 62-ე სესიაში (CSW62) მიიღო მონაწილეობა

 

საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობდა,  გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის 62-ე სესიაში (CSW62) მიიღო მონაწილეობა.

 2018 წლის 14 მარტს, CSW62-ს გენერალური დისკუსიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა თამარ ჩუგოშვილი. თავის გამოსვლაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა კომისიის 62-ე სესიის პრიორიტეტული თემის ირგვლივ, რომელიც ეხებოდა გენდერული თანასწორობის მიღწევის, ასევე, სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა გაძლიერების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა იმ პოზიტიური ცვლილებების შესახებ, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევისა და საქართველოში სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გასაძლიერებლად ხორციელდება, ასევე ყურადღება გაამახვილა არსებულ  გამოწვევებზე ამ სფეროში. მან აღნიშნა, რომ 2017 წელს, კონსტიტუციური ცვლილების პროცესში, მიღებულ იქნა ახალი დებულება თანასწორობის შესახებ, რომელიც აღიარებს სახელმწიფოს როლს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხში და იღებს პასუხისმგებლობას გაატაროს შესაბამისი ზომები ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებითი თანასწორობის მისაღწევად.  დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველომ რატიფიკაცია გაუკეთა სტამბულის კონვენციას და გაატარა ცვლილებები ოქზე მეტ საკანონმდებლო აქტში, რათა შეიქმნას ხელშესახები მექანიზმები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ასევე, ყურადღება გამახვილდა ადრეული ქორწინებების პრობლემის აღიარებისა და პრევენციული მექანიზმები საკანონმდებლო დონეზე ჩამოეყალიბების მიზნით საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვანი ნაბიჯებზე. თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების რეალური გაძლიერება უნდა მოხდეს მათი გადაწყვეტილების მიღების უნარის გაზრდის გზით. მომავალ კვირას საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის საკანონმდებლო ინიციატივას გენდერული კვოტირების შესახებ საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. თავის განცხადებაში, თამარ ჩუგოშვილმა, ასევე, გამოხატა შეშფოთება იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალები და გოგონები არ არიან დაცულები და აწყდებიან სირთულეებს თავიანთი ფუნდამენტური უფლებების სარგებლობის კუთხით, როგორიცაა მშობლიურ ენაზე განათლების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ძირითადი მულტისექტორული მომსახურეობა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარია ფერნანდა ესპინოზასთან; დომინიკის რესპუბლიკის ქალთა მინისტრთან, ჯანეტ კამილოსთან; საფრანგეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, მირეი კლაპოსთან; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს გენდერის საკითხების წარმომადგენელთან, ჯოანა როპერთან; გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორთან, აქიმ შტაინერთან და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პოლიტიკის დირექტორთან, პურნა სენთან.

გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის 62-ე სესიაზე საქართველოს დელეგაციას, თამარ ჩუგოშვილთან ერთად, წარმოადგენდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი, ნატალია ჯალიაშვილი; საქართველოს გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორი, ანა წურწუმია-ზურაბაშვილი. კომისიის 62-ე სესიას და სესიის ფარგლებში გამართულ სხვდასხვა ღონისძიებებს, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.