საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ღონისძიება სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდის თაობაზე

 

ნიუ იორკი, აშშ. 12 მარტი 2018 - გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროსთან საქართველოსა და მონღოლეთის წარმომადგენლობების ინიციატივით, გაიმართა სპეციალური ღონისძიება სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდის თაობაზე.

ინტერაქტიულ პანელზე, რომელსაც გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე უძღვებოდა, სიტყვით გამოვიდნენ თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მუნქუ ოიუნჩიმეგი, მონღოლეთის პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე, პატრიკ კოლერი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობისა და მშვიდობის შენების კლასტერის დირექტორი, ნილს სკოტი - გაეროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, განაშიამ ოჯია, ნეპალის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი და ქეთევან ხიდაშელი, „ქალები რეგიონული განვითარებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი და კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი.  

საქართველოს, მონღოლეთის, ნეპალისა და UNDP-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერების სფეროში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე არსებული მიღწევებისა და სირთულეების შესახებ.

თამარ ჩუგოშვილმა წარადგინა საქართველოს მთავრობის წარმატებული რეფორმები, რომლებიც გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის გაზრდა აუცილებელი წინაპირობაა ყველა დონეზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ყველა ქალის, მათ შორის სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების უფლებების დასაცავად. თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღების შესაძლებლობაზე იმსჯელებს.

 თავის გამოსვლაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შესახებ. მან ხაზი გაუსვა, რომ სოფლად მცხოვრებ ქალებსა და გოგონებს ხშირ შემთხვევაში ხელი არ მიუწვდებათ  ისეთ ძირითად საჭიროებებზე, როგორიცაა სამუშაო ადგილი, სოციალურ დაცვა, განათლება და სამედიცინო მომსახურება, რადგან მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათი გადაადგილების თავისუფლებას აბრკოლებენ.