საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველომ მონაწილეობა მიიღო გაეროს სტატისტიკის კომისიის 49-ე სესიაში

2017 წლის 6-9 მარტს, ქ. ნიუ-იორკში გაერო-ს სტატისტიკის კომისიის 49-ე სესია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ.  

აღნიშნული სესიის მიმდინარეობისას რიგ საკითხებთან ერთად ასევე განხილულ იქნა ღია მონაცემთა მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების შეფასებისა და მონიტორნიგის პროცესში, რაც თავის მხრივ გაზრდის ხელმისაწვდომობას ხსენებულ მიზნებთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებზე.

სესიის ფარგლებში ბატონმა თენგიზ ცეკვავამ ასევე მონაწილეობა მიიღო 5 მარტს გამართულ პარალელურ ღონისძიებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატისტიკის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატისტიკის საკითხზე შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა (EGRIS) წარადგინა რეკომენდაციები ლტოლვილთა სტატისტიკის შესახებ და ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემებთან დაკავშირებით. მონაწილეთა მხრიდან ხაზი გაესვა ზუსტ სტატისტიკურ მონაცემთა მნიშვნელობას სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი პროგრამების წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით.

8 მარტს გაერო-ს სტატისტიკის განყოფილების მიერ ორგანიზებულ სემინარზე თენგიზ ცეკვავამ ისაუბრა საქართველოს გამოცდილების თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სტატისტიკის შესახებ ეროვნული ანგარიშის მომზადების პროცესში.

გაერო-ს სტატისტიკის კომისიის 49-ე სესიის ფარგლებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა დაესწრო პარალელურ ღონისძიებას მდგრადი განვითარების მიზნების გლობალური ინდიკატორების შესაბამისად კორუფციის შეფასების თემაზე, რომელიც გაიმართა გაერო-სთან იტალიისა და მექსიკის მუდმივი წარმომადგენლობების და UNODC-ის ორგანიზებით.

სესიის დასასრულს სტატისტიკის კომისიის შემდგომი, 50-ე სესიის ჩატარების თარიღებად განისაზღვრა 2019 წლის 5-8 მარტი.

ნიუ-იორკი, 2018 წლის 10 მარტი