ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუციის თაობაზე

2015 წლის 3 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 69-ე სესიაზე მიიღო ქართული მხარის მიერ წარდგენილი რეზოლუცია A/RES/69/286 „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", რითაც კვლავ დაადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები.

აღნიშნული რეზოლუციის მიღებით, გენერალური ასამბლეა გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ხაზს უსვამს დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყურადღებას ამახვილებს მათი საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვაზე. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას. პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია წარადგინა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში კახა იმნაძემ, რომლის სიტყვით გამოსვლის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://un.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=151&info_id=29082

მიმდინარე წელს რეზოლუცია მიღებულ იქნა 75 ხმით 16-ის წინააღმდეგ. წინა წელთან შედარებით მხარდამჭერთა საერთო რაოდენობა 6 ხმით გაიზარდა. დოკუმენტს პირველად დაუჭირეს მხარი გაიანამ, გვატემალამ, თურქეთმა, პანამამ, სენტ კიტსმა და ნევისმა, ტოგომ, ტონგამ, ასევე, ტრინიდადი და ტობაგომ, მხარდამჭერთა რიგებს დაუბრუნდნენ მალავი და სომალი. ყოველწლიურად რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის თვალსაზრისით არსებული პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო ნათლად აცნობიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების განხორციელების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა გენერალური ასამბლეის რეზოლუციას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების შესახებ.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ