ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია 2016 წლის 7 სექტემბერს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ვახტანგ მახარობლიშვილის სიტყვით გამოსვლის შესახებ სქესობრივი ექსპლუატაციისა და ძალადობის საკითხთან დაკავშირებით გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე

2016 წლის 7 სექტემბერს, გაეროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ვახტანგ მახარობლიშვილი სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, რომელიც გაიმართა დღის წესრიგის 122-ე საკითხის „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გაძლიერების“ ფარგლებში. შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე მშვიდობისმყოფელთა მიერ სქესობრივი ექსპლუატაციისა და ძალადობის შემთხვევები და გაეროსა და წევრი-ქვეყნების მხრიდან რეაგირების საკითხები.   

აღნიშნულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა წლების მანძილზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად შეტანილ წვლილსა და თავდადებას. მისი განცხადებით, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას, რადგან მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების გადამწყვეტ კომპონენტად მიიჩნევს.  აქედან გამომდინარე, საქართველო მხარს უჭერს სქესობრივი ექსპლუატაციისა და ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას.  

საქართველოს წარმომადგენლის განცხადებით, ქართული მხარისთვის მშვიდობისმყოფელობა ასევე უკავშირდება ნდობის საკითხს, ამიტომ საქართველოს მთავრობამ დაუყონებლივ გადადგა ნაბიჯები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალებში მონაწილე სამშვიდობოების მიერ მცირეწლოვანთა მიმართ სქესობრივი ძალადობის შესაძლო შემთხვევებთან დაკავშირებით 2016 წლის იანვარში გაჟღერებული ბრალდებების გამოძიების მიზნით. საქართველოს წარმომადგენელმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საგამოძიებო ჯგუფისა და მის მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ, ასევე, ისაუბრა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჯგუფის ვიზიტისა და მთელი პროცესის მანძილზე გაეროსთან და ყველა რელევანტურ უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე.

 ბ-ნი მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე ქართველი სამხედრო პირების მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტი არ დასტურდება. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების შედეგად დადგინდება ზემოაღნიშნული ბრალდების უსაფუძვლობა, საქართველო მიესალმება გაეროს მხრიდან ბრალდების საჯაროდ უარყოფას. საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი განცხადება უაღრესად მნიშვნელოვანია ეროვნული ღირსების დაცვის კუთხით, რომელიც სწორედ ქართველ მშვიდობისმყოფელთა მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად სამსახურისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, მათი ძვირფასი სიცოცხლის ფასად არის მიღწეული.

ვახტანგ მახარობლიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სქესობრივი ექსპლუატაცისა და ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე საქართველოს მხრიდან მყისიერი და სამაგალითო რეაგირება გახდება გაეროში სტრუქტურული და ძირეული ცვლილების ნაწილი, რაც შესაძლებელს გახდის აღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხზე გაცილებით უკეთეს რეაგირებას, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

საქართველოს წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

 

http://un.mfa.gov.ge/files/un/GA_plenary_on_strengthening_of_the_United_Nations_system_–_SEA.pdf

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ