ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია 2016 წლის 8 დეკემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლის ინგა ყანჩაველის სიტყვით გამოსვლის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დღის წესრიგის 96-ე საკითხის ფარგლებში

2016 წლის 8 დეკემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ინგა ყანჩაველი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დღის წესრიგის 96-ე საკითხის ფარგლებში “გაეროს ჰუმანიტარული და კატასტროფების დროს გადაუდებელი დახმარების კოორდინაციის გაძლიერება, მათ შორის, სპეციალური ეკონომიკური დახმარების სახით“.

საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა რომ ჰუმანიტარული რეზოლუცია ასახავს მსოფლიოში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებულ ყველაზე მწვავე საკითხებს, მათ შორის, იძულებით გადაადგილების, მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე, სამედიცინო პერსონალისა და ობიექტების დაცვისა და სხვა კუთხით არსებულ პრობლემებს. მისი განცხადებით, დღეისთვის მსოფლიოში მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირია, რომელმაც დატოვა საცხოვრებელი ადგილი კონფლიქტისა თუ ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობით შედეგად გამოწვეული კატასტროფებისთვის თავის დაღწევის მიზნით. აღნიშნული პირებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა, გაეროს გენერალური მდივნის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს საერთაშორისო სამართლის პრინციპების გაძლიერებას, ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფას და ჰუმანიტარული და სამედიცინო პერსონალის დაცვას.

აღნიშნულ კონტექსტში, ინგა ყანჩაველმა ხაზი გაუსვა საქართველოს პოზიციას ჰუმანიტარულ საკითხებზე, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურად გამოუვალი მდგომარეობა არ უნდა გახდეს დაბრკოლება ჰუმანიტარული საქმიანობის განსახორციელებლად. საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული წვდომის მნიშვნელობას და იქვე აღნიშნა, რომ საყოველთაოდ აღიარებული ჰუმანურობის, მიუკერძოებლობის, ნეიტრალურობისა და დამოუკიდებლობის პრინციპები ყველა მხარემ უნდა დაიცვას. ჰუმანიტარული რეზოლუციის ტექსტზე მუშაობისას საქართველოს დელეგაციამ წამოჭრა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კონფლიქტის ან კატასტროფების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან ჰუმანიტარული წვდომის მწვავე პრობლემა და სხვა ქვეყნებთან ერთად ლობირებდა შესაბამისი წვდომის მხარდამჭერი პოზიციის ასახვას ტექსტში.

სიტყვით გამოსვლისას, ინგა ყანჩაველმა ხაზი გაუსვა, რომ უკანონო სამხედრო ოკუპაციის გამო საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% წლების განმავლობაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის კვლავ მიუწვდომელი რჩება, მათ შორის, ადამიანის უფლებების გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებების დაცვის სხვა მექანიზმებისთვის, რაც აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს უმაღლესი კომისრის მხრიდან საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის წვდომასთან დაკავშირებით. ამასთან, ინგა ყანჩაველმა აღნიშნა, რომ ეთნიკური წმენდის შედეგად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი კვლავ ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ხოლო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებები, მათ შორის, გადაადგილების, საკუთარ ენაზე განათლების მიღების და სხვა ფუნდამენტური უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.

ინგა ყანჩაველმა დამატებით აღნიშნა, რომ გადაუდებელი სიტუაციისას დაზარალებულებთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება  უნდა იყოს პრიორიტეტი, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ასევე საჭიროა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში მშვიდობიან და უსაფრთხო პირობებში დაბრუნების უფლების უზრუნველყოფა იძულებით გადაადგილების პრობლემის ეფექტიანად მოგვარების მიზნით.

დასასრულ, საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გამოძებნოს კიდევ უფრო ეფექტური გზები მოსახლეობის იმ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად, რომლებიც დაზარალდნენ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, კონფლიქტის შემდგომი ვითარების, ან ბუნებრივი კატასტროფების დროს. 

http://un.mfa.gov.ge/files/un/GEO_Statement_at_the_GA_plenary_meeting_08.12.2016.pdf

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 3
4 5 6 7 9 10
11 12 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ