ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2017 წლის 10 იანვარს, გაეროს უშიშროების საბჭოში შვედეთის თავჯდომარეობით გაიმართა ღია დებატი თემაზე

ღონისძიების ფარგლებში უშიშროების საბჭოს პირველად მიმართა გაეროს ახალმა გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და წარმოადგინა ხედვა კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის შენარჩუნების თაობაზე.  გენერალურმა მდივანმა გაეროს მთავარ პრიორიტეტებად ნდობის აღდგენა და კრიზისების პრევენცია დაასახელა. გუტერეშის განცხადებით, ომის პრევენციისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის,  საჭიროა ახალი მიდგომები. როგორც მან აღნიშნა გასულ წლებში პრევენციის ბევრი შესაძლებლობა დაიკარგა, ვინაიდან სახელმწიფოები არ ენდობიან ერთმანეთს და განაცხადა, რომ მზადაა, ხელი შეუწყოს უფრო მეტ ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, ასევე, უშიშროების საბჭოსთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას,  მეტი თანმიმდევრულობის, გულწრფელობისა და გამჭვირვალობის მიღწევის მიზნით.

როგორც საბჭოს თავჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგო ვალსტრომი, რომელმაც აღნიშნა, რომ კონფლიქტების პრევენციაში ინვესტიციის ჩადება არა მარტო მორალური ვალდებულებაა, არამედ ჭკვიანური, ეკონომიკურად გამართლებული და მდგრადობის შენარჩუნების მეთოდია. საერთაშორისო საზოგადოებას გააჩნია შესაბამისი ბერკეტები, თუმცა აუცილებელია ახალი პოლიტიკური კონსენსუსი პრევენციის მხარდასაჭერად, - განაცხადა ვალსტრომმა.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ელჩი კახა იმნაძე. საქართველოს წარმომადგენელი მიესალმა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის, კონფლიქტების პრევენციის გზით, ახალი პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის ძალისხმევებს. მისი განცხადებით,  რისკების ადრეული იდენტიფიცირება და  დროული მართვა არის გადამწყვეტი, რაც შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი ერთობლივი მიდგომებითა და მათი დაცვით. სამშვიდობო პროცესები უშუალო კავშირშია 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებასთან  და ახდენს უწყვეტ ფოკუსირებას ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე. კახა იმნაძემ ასევე ხაზი გაუსვა ისტორიის გაკვეთილებიდან მაგალითების შესწავლის აუცილებლობას და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც 2009 წელს, სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შემდგომ, უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ვეტო დაადო ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის საკითხს საქართველოში, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რჩება რუსეთის ფედერაციის უკანონო სამხედრო ოკუპაციის ქვეშ და აღნიშნულ რეგიონებთან საერთაშორისო საზოგადოებისთვის წვდომა შეუძლებელია. აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, კახა იმნაძემ ისაუბრა  ვეტოს უფლების გამოყენების შეზღუდვის აუცილებლობაზე იმ შემთხვევის ჩათვლით, როდესაც საბჭოს მუდმივი წევრი წარმოადგენს კონფლიქტის მხარეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ვეტოს უფლების არამართლზომიერად გამოყენება.

საქართველოს ელჩის განცხადების სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://un.mfa.gov.ge/files/un/UNSC_Debate_JAN_2017.pdf

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 3
4 5 6 7 9 10
11 12 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ