ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადება გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის გენერალური დებატების ფარგლებში

2016 წლის 6 ოქტომბერს გაეროს გენერალური ასამბლეის პირველ კომიტეტში (განიარაღება და საერთაშორისო უსაფრთხოება) გაიმართა გენერალური დებატები, რომლის დროსაც განცხადებით გამოვიდა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი კახა იმნაძე.

ელჩმა თავის გამოსვლაში წარმოაჩინა საქართველოს პოზიცია განიარაღებისა და უსაფრთხოების თვალსაზრით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებულ ისეთ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, როგორიცაა მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა, ბირთვული ტერორიზმი, იარაღით უკანონო ვაჭრობა, რეგიონული უსაფრთხოება, "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტული ორგანიზაციიდან მომდინარე საფრთხეები, სახელმწიფოთა მიერ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა არსებული უსაფრთხოების მექანიზმების ფარგლებში და სხვა. ელჩმა განცხადებაში ასევე ღრმა შეშფოთება გამოხატა სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ქარავანზე განხორციელებული თავდასხმის მიმართ და აღნიშნა რომ ამ ფაქტმა ძირი გამოუთხარა ყველაფერს, რაც მიღწეულ იქნა დაძაბული შრომის საფუძველზე.

პირველი კომიტეტის დელეგატთა ყურადღება ასევე გამახვილდა ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების შესახებ   დაკავშირებით გაეროს მეგობართა ჯგუფის (საქართველო, ფილიპინები, მოროკო) მასპინძლობით ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში ქბრბ რისკების შემცირების შესახებ (CBRN Risk Mitigation in the context of Combatting Terrorism) ღონისძიების თაობაზე, რომელიც გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევების ინსტიტუტთან (UNICRI) თანამშრომლობით 2016 წლის 29 სექტემბერს  ქ. ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში ჩატარდა.

განცხადებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებულ საგანგაშო მდგომარეობას და აღინიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, რითაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. განცხადებაში ასევე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ბირთვული და რადიოაქტიული მასალების კონტრაბანდის საგანგაშო შემთხვევებზე. 

საქართველოს ელჩმა განაცხადა: "ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ მან შეასრულოს თავისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია". ბატონმა კახა იმნაძემ ასევე  დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია.

რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის საპასუხო გამოსვლის შემდეგ მისიის უფროსმა მრჩეველმა სალომე იმნაძემ გამოიყენა "პასუხის უფლება" და გააკეთა მოკლე განცხადება, რომელშიც განმარტა თუ რატომ წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ყოფნა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას, საქართველოს ტერიტორიის უკანონო სამხედრო ოკუპაციას და კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ