ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის სიტყვით გამოსვლის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ანგარიშის შესახებ გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გამართული დებატის ფარგლებში

2016 წლის 31 ოქტომბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 37-ე პლენარულ სხდომაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტმა, სილვია ფერნანდეს დე გურმენდიმ წარმოადგინა გასული წლის განმავლობაში სასამართლოს მუშაობის ანგარიში. 

პლენარული სხდომის ფარგლებში დებატისას გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა  კახა იმნაძემ გააკეთა განცხადება. მან ხაზი გაუსვა, რომ  კანონის უზენაესობის გარეშე,  სუფევს დაუსჯელობა, ხოლო სამართლისა და მშვიდობის მიღწევა შეუძლებელი ხდება. მასობრივი დანაშაულის პრევენცია, რომელიც “საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას” უმთავრესია საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად იმ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ჰუმანიზმის ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც  სასამართლოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აერთიანებს. 

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ 14 აგვისტოს სასამართლოს წინასწარი გამოძიებისას დაიწყო. 

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო 1990—იანი წლებიდან საერთაშორისო დანაშაულებების მსხვერპლია, 2008 წლის აგვისტოში კი, ათასობით სამოქალაქო პირი გახდა განმეორებული ეთნიკური წმენდისა და სხვა შემზარავი დანაშაულის სამიზნე.

კახა იმნაძემ დელეგაციებს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული დანაშაულებების გამოძიების მიზნით ეროვნულ დონეზე საქართველოს მიერ ჩატარებული  უპრეცედენტო მასშტაბის გამოძიების შესახებ. კერძოდ, ქართულმა საგამოძიებო ჯგუფი ესაუბრა 7000 მოწმეს, მოიპოვა 200 სასამართლო ექპერტის მოსაზრებები და 30 დასახლებულ ტერიტორიაზე ჩაატარა დანაშაულის ადგილის მოკვლევა.

საქართველოს წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ ტერიტორიებად რჩება და შემოსაზღვრულია  მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით, დანაშაულის ადგილების დათვალიერება მოხდა სატელიტური ხედების მეშვეობით. აღნიშნულის მიუხედავად, დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ უკანონო ოკუპაციის გამო შეუძლებელი გახდა. 

ასეთ მდგომარეობაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამომძიებლის ფატუ ბენსუდას მიმართვა და წინასასამართლოს I პალატის 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება ე.წ. proprio motu გამოძიების ჩატარების შესახებ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევა 2008 წლის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებულთა უფლებების დაცვისა და ასევე 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ჩადენილი  დანაშაულებებისთვის პასუხისმგებელ პირთა დასჯის თვალსაზრისით. ქართულმა მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც იურიდიულად მართებული და საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან შესაბამისი. როგორც ქალბატონმა გამომძიებელმა აღნიშნა 2016 წლის თებერვალში, იმედი გვაქვს, “გამოძიება დაადგენს სიმართლეს და სამართალი მიიღწევა დაზარალებულთათვის, რომლებმაც საშინელი ტანჯვა გამოიარეს კონფლიქტის დროს”.

საქართველოს წარმომადგენელმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოების ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ წინასასამართლო პალატის განცხადებით, “2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი არსებობდა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. ასეთი კონფლიქტის არსებობა უდაოა განსაკუთრებით 8-12 აგვისტოს ქართულ და რუსულ სამხედრო ძალებს შორის შეიარაღებული შეტაკებების პერიოდში და ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის, კერძოდ “ბუფერული ზონის” ოკუპაციის გამო სულ მცირე 2008 წლის 10 ოქტომბრამდე. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საკმარისი ნიშანი არსებობს, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა სამხრეთ ოსეთის ძალების ზოგად კონტროლს, რაც ნიშნავს, რომ რუსული ძალების პირდაპირ ინტერვენციამდე პერიოდიც შეიძლება შეფასდეს, როგორც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი”. 

ამასთან, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო პირთა წინასწარ განზრახული მკვლელობების, ცემის, დაშინების, დაკავების სერია, ასევე ქონების მიტაცება და ქართველთა საცხოვრებელი სახლების სისტემური ნგრევა და სხვა დანაშაულებები ჩადენილ იქნა ეთნიკურად ქართველთა სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გამოსახლებისთვის, რათა შეეცვალათ აღნიშნულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა ეთნიკური შემადგენლობა და წაეშალათ დანარჩენ საქართველოსთან კავშირის კვალი. 

წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, არსებული ინფორმაციით, დანაშაულებები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების შედეგად “51-113 მკვლელობას, 5000 საცხოვრებელი სახლის ნგრევას, 13400-18500 ადამიანის იძულებით გადაადგილებას ჰქონდა ადგილი, რაც გამომძიებლის გაანგარიშებით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის 75%-ით შემცირება გამოიწვია. 

სიტყვის დასასრულ, საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გაფორმებულია შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და სასამართლოს გამომძიებლის ოფისს (OTP) შორის, რომელიც მხარეებს შორის თანამშრომლობის მექანიზმებს განსაზღვრავს და საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების ჩატარებას უწყობს ხელს. საქართველო მზადაა გააგრძელოს სასამართლოსთან თანამშრომლობა აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში. 

დებატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა საქართველოს განცხადება “ჰიპოკრატიულად” შეაფასა. აღნიშნულზე რეაგირების მიზნით, გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ელენე აგლაძემ პასუხის უფლება გამოიყენა და აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგატი ისევ და ისევ ცდილობს  საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ საკუთარი უკანონო მოქმედებების შენიღბვას. ელენე აგლაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ თავის განცხადებაში  წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებიდან მხოლოდ ზუსტი ციტატები მოიყვანა არგუმენტად. საქართველოს წარმომადგენლის განცხადებით, ქართული მხარე გააგრძელებს თანამშრომლობას სასამართლოსთან, რომ დადგინდეს სიმართლე და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის. 

http://un.mfa.gov.ge/files/un/GEO_statement_on_ICC_report_at_the_UNGA_31_October_2016.pdf

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ