ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლის ინგა ყანჩაველის სიტყვით გამოსვლის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გამართული დებატისას

2016 წლის 17 ნოემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ინგა ყანჩაველი სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგის 36-ე საკითხის ფარგლებში “სიტუაცია ავღანეთში”.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა გერმანიის დელეგაციას, რომელმაც წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები A/71/L.13 “Situation in Afghanistan” რეზოლუციის ტექსტის შეთანხმების მიზნით, რომლის თანასპონსორიც გახდა საქართველო.

ინგა ყანჩაველმა აღნიშნა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც მხარს უჭერენ ავღანეთის მთავრობას ომისა და ძალადობისგან გაყოფილი ქვეყნის აღდგენაში. მისი განცხადებით, საქართველოს - მიუხედავად ქვეყნის მცირე ზომის და საკუთარი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არსებული გამოწვევებისა - ათწლეულზე მეტია თავისი წვლილი შეაქვს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში. აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს წარმომადგენელი მიესალმა ავღანეთის მთავრობის მიერ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ძალისხმევას და დაადასტურა საქართველოს მზაობა, გააგრძელოს ავღანეთის სუვერენული, დემოკრატიული, უსაფრთხო და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბების მხარდაჭერა.

საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ავღანი ერის ბრძოლა მშვიდობის, სტაბილურობისა და ერთიანობისთვის გულგრილს არავის ტოვებს. წლების განმავლობაში, ქართველმა ჯარისკაცებმა, რომლებიც ავღანეთში საერთაშორისო ძალების ნაწილს წარმოადგენენ, გამორჩეული გამბედაობა, პროფესიონალიზმი და თავდადება გამოავლინეს, რაც ადასტურებს საქართველოს მიერ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების სურვილს. ინგა ყანჩაველმა ისაუბრა მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე თავდასხმის შესახებ და სიამაყით აღნიშნა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების და, პირველ რიგში, ქართული კონტინგენტის, სიმამაცისა და პროფესიონალიზმით წყალობით მოხერხდა თავდასხმის მოგერიება და მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

როგორც ქართველმა დელეგატმა აღნიშნა, საქართველო გააგრძელებს ავღანეთში საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას 2016 წლის შემდგომ და მზადაა ქართულ სამხედრო ცენტრებში ტრეინინგებისა და წვრთნების ჩატარებისა და თავდაცვის სექტორში ტრანსფორმაციისა და რეფორმების კუთხით საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის. სამხედრო სფეროში მხარდაჭერის გარდა, საქართველო ასევე გააგრძელებს ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების ძალების ფინანსურ მხარდაჭერასაც.

სიტყვით გამოსვლის დასასრულ, ინგა ყანჩაველმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის დასამყარებლად რთული გზის გავლა არის საჭირო და საერთაშორისო საზოგადოებამ, ავღანეთის მთავრობის ურყევი ნების გათვალისწინებით, უნდა გააგრძელოს ავღანეთში უკვე მიღწეულ პროგრესის საფუძველზე ქვეყნის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა და არსებულ გამოწვევებთან ბრძოლა.

საქართველოს წარმომადგენლის სრული განცხადება ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://un.mfa.gov.ge/files/un/Statement_of_Georgia_on_Situation_in_Afghanistan.pdf

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ