საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშის, „ჩვენი საერთო დღის წესრიგი“-ს (Our Common Agenda – OCA) განხილვის მიზნით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ მე-3 თემატურ განხილვაზე.

2022 წლის 21 თებერვალს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშის, „ჩვენი საერთო დღის წესრიგი“-ს (Our Common Agenda – OCA) განხილვის მიზნით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ მე-3 თემატურ განხილვაზე. თემატური კონსულტაციების ფარგლებში განიხილებოდა გენერალური მდივნის ანგარიშში წარმოდგენილი წინადადებები, კერძოდ, მშვიდობის ხელშეწყობის, საერთაშორისო სამართლისა და ციფრული თანამშრომლობის შესახებ.

თავის გამოსვლაში კახა იმნაძე გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივას მშვიდობის ახალი დღის წესრიგის შემუშავების შესახებ და აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებულ ახალ დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს კონფლიქტის პრევენციის კომპონენტს. აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს წარმომადგენელმა მკაცრად დაგმო მის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენის მიერ უკრაინის განუყოფელი რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილება და დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

თემატურ საკითხებთან მიმართებაში, კახა იმნაძემ ასევე გამოყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების პროცესი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით წლების განმავლობაში პროგრესის არარსებობის გამო, მნიშვნელოვანია უშიშროების საბჭოს რეფორმის პროცესს განახლებული ენერგია მიეცეს. გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლის ფარგლებში მუდმივმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა გენერალური მდივნის ინიციატივას, რომელიც გაეროს მშვიდობის აღმშენებლობის კომისიის როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად, და ისაუბრა გენერალური მდივნის ინიციატივაზე გლობალური ციფრული კომპაქტის შექმნის შესახებ.