2022 წლის 23 მარტს, გაეროს წევრი ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე განახლდა გაეროს გენერალური ასამბლეის 11-ე საგანგებო სპეციალური სესია უკრაინის თემაზე. მიმდინარე სესიის მთავარ განსახილველ თემას უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ჰუანიტარული შედეგები წარმოადგენს. სესიის ფარგლებში, უკრაინამ და გაეროს წევრმა 19-მა ქვეყანამ გენერალური ასამბლეის წინაშე ახალი რეზოლუცია, „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“ წარადგინა.
საქართველო აღნიშნული რეზოლუციის მხარდამჭერი და მთავარი სპონსორია.
ეროვნულ განცხადებაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა უკრაინაში ომის შედეგად გამოწვეულ უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის გაუმართლებელი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ უმიზეზო და წინასწარ მომზადებული აგრესიით რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის პრინციპები, გაეროს ქარტია და ჰელსინკის ფინალური აქტი. კახა იმნაძემ რუსეთს მოუწოდა დაემორჩილოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 16 მარტის გადაწყვეტილებას, რომელიც მას 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებული საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ავალდებულებს. ამასთან, კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობისა და გადაუდებელი დახმარების მიწოდების აუცილებლობას.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის მოქმედების საერთო ხელწერაზე და აღნიშნულის მაგალითად 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესია მოიყვანა. კახა იმნაძემ აღნიშნა თუ როგორ ცდილობს რუსეთი საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. „არჩევნებისა“ და „რეფერენდუმების“ გამართვის გზით თავისი უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციას. აღნიშნულ კონტექსტში, კახა იმნაძემ განაცხადა, რომ 2022 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ უკანონო და ბათილია და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. იგივე ეხება 2022 წლის 10 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. „არჩევნებსაც“.