საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატზე: “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: ეკონომიკური ჩართულობა პარტნიორობის გზით”.

2022 წლის 8 მარტს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატზე: “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: ეკონომიკური ჩართულობა პარტნიორობის გზით”.

თავის გამოსვლაში ელჩმა დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ყურადღება გაამახვილა ქალებისა და ბავშვების განსაკუთრებულ მოწყვლადობაზე ამ უმიზეზო და გაუმართლებელ ომში. ხაზი გაუსვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განურჩეველ თავდასხმებს, ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ შეთანხმების დარღვევასა და ზოგადად რუსეთის მიერ ყველა ნორმების, მათ შორის ადამიანის უფლებების სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის და გაეროს წესდების უხეშ დარღვევას.

მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის იგივე ხელწერა, რაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა. ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ე.წ. ბორდერიზაციას.

ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია ქალების ჩართულობა სამშვიდობო პროცესში და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საკითხის შენარჩუნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში. აღნიშნა, რომ კონფლიქტით დაზარალებული ქალების უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მთავრობის ძალისხმევას ხელს უშლის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, სადაც მუდმივად ხდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.

თავის გამოსვლაში ელჩმა მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილებები უკრაინის ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით. ამასთან, იგივე გააკეთოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.