საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშის, „ჩვენი საერთო დღის წესრიგი“-ს (Our Common Agenda – OCA) განხილვის მიზნით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ პირველ და მეორე თემატურ კონსულტაციებში.

2022 წლის 11 და 14 თებერვალს, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშის, „ჩვენი საერთო დღის წესრიგი“-ს (Our Common Agenda – OCA) განხილვის მიზნით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ თემატურ კონსულტაციებში. ორივე სესიის ფარგლებში განხილული იყო გენერალური მდივნის ანგარიშში წარმოდგენილი წინადადებები, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროცესის დაჩქარებას ისახავს მიზნად, მათ შორის, მდგრადი დაფინანსების გზით.

თავის გამოსვლებში კახა იმნაძე მიესალმა გენერალური მდივნის ანგარიშში წარმოდგენილ კონკრეტულ ინიციატივებს და იმ წინადადებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებთან, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხარისხიანი განათლებისა და ახალგაზრდობის გაძლიერების კუთხით. ამასთან, კახა იმნაძე მიესალმა ანგარიშში წარმოდგენილ ინიციატივებს, რომლებიც 2022 წელს განათლების ტრანსფორმაციის, ხოლო 2023 და 2025 წლებში მომავლისა და სოციალური სამიტების გამართვას ისახავს მიზნად.