საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ, საქართველოს სახელით, ეროვნული განცხადება გააკეთა გაეროს სოციალური განვითარების კომისიის 60-ე სესიის (CSocD60) გენერალური დისკუსიის ფარგლებში

2022 წლის 14 თებერვალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ, საქართველოს სახელით, ეროვნული განცხადება გააკეთა გაეროს სოციალური განვითარების კომისიის 60-ე სესიის (CSocD60) გენერალური დისკუსიის ფარგლებში, რომელიც ქ.ნიუ-იორკში ჰიბრუდულ ფორმატში მიმდინარეობას.

 თავის განცხადებაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად რჩება მდგრადი განვითარების მიღწევა და სოციალური განზომილების სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფა 2030 დღის წესრიგის განხორციელებაში. მან მოკლედ მიმოიხილა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ეროვნულ დონეზე გადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა მთავრობის მიერ შემუშავეული ანტი-კრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის COVID-19 კრიზისის პირობებში მოწყვლადი ჯგუფების დაცვისა და პანდემიის ზეგავლენის შემსუბუქების მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ფინანსური დახმარებისა და სოციალურ პაკეტებთან წვდომის გაუმჯობესების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს.

 საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა წუხილი გამოთქვა, რომ რუსეთის მიერ ს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია საქართველოს მთავრობისთვის, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი სერვისების მიწოდებაში, მთავარ დაბრკოლებად რჩება. საგანგაშოა, რომ ორივე ოკუპირებულ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე ჰუმანიტარული გამოწვევების, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და COVID-19-ის პირობებში სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმის, წინაშე დგას. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ საქართველოს ათობით მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია.

 დასასრულს, მუდმივმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განაგრძოს ძალისხმევა Covid-19-ის შედეგების დასაძლევად და პანდემიის კრიზისიდან გრძელვადიანი აღდგენის უზრუნველსაყოფად.