საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ დებატებზე, თემით: „სიტუცია უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

2022 წლის 23 თებერვალს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ დებატებზე, თემით: „სიტუცია უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
ეროვნულ განცხადებაში კახა იმნაძემ უმკაცრესად დაგმო 2022 წლის 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარების გადაწყვეტილება. კახა იმნაძის თქმით, რუსეთის აღნიშნული გადაწყვეტილება და შედეგად უკრაინის რეგიონებში სამხედრო ძალების გაგზავნა, არღვევს გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის ფინალური აქტის ფუნდამენტურ პრინციპებს, და წინაღმდეგობაში მოდის თავად რუსეთის მიერ ბუდაპეშტის დეკლარაციითა და მინსკის შეთანხმებებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომლებიც დამოწმებულია გაეროს უშიშროების საბჭოს 2202 (2015) რეზოლუციით.

 საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იგივე ხელწერით მოქმედებს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს გამოიყენა და რომელსაც დღემდე იყენებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გზით.

 საერთაშორისო საზოგადოებისადმი გაკეთებულ მიმართვაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების მიწების მიტაცების მორიგ ფაქტზე თვალის დახუჭვა და უმოქმედობა, ძირს გამოუთხრის არა მხოლოდ ევროპისა და საერთაშრისო უსაფრთხოებას, არამედ დანაშაულის ტოლფასი იქნება მომავალი თაობების წინაშე.

 დასასრულს კახა იმნაძემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა უკან წაიღოს საქართველოსა და უკრაინის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უკანონო აღიარება, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები ორი ქვეყნის ტერიტორიებიდან და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.