საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სპეციალურ სესიაზე.

2022 წლის 28 თებერვალს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სპეციალურ სესიაზე, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა უკრაინაში შექმნილი ვითარება. საგანგებო სპეციალური სესია მოწვეულ იქნა 27 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული პროცედურული რეზოლუციის (2623 (2022)) საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია 1997 წლის შემდეგ არ გამართულა.

ეროვნულ განცხადებაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნძემ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები გაეროს ქარტიის მე-2 (4) მუხლს არღვევს და გაეროს გენერალური ასამბლეის 3314 რეზოლუციის თანახმად, აგრესიის აქტს წარმოადგენს. კახა იმნაძემ, სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა რუსეთს და ხაზი გაუსვა ომის უმძიმეს შედეგებს, რომელსაც ყველაზე მეტად მშვიდობიანი მოქალაქეები, უდანაშაულო ადამიანები, ქალები და ბავშვები ეწირებიან.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, გაეროს ქარტიის, ჰელსინიკის ფინალური აქტისა და პარიზის ქარტიის ძირითადი პრინციპების უგულვებელყოფა, ისევე როგორც ბუდაპეშტის მემორანდუმით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დაუშვებელია და გადახედვას არ ექვემედბარება. ისევე როგორც, უკანონო და დაუშვებელია ტერიტორიის ძალისმიერი გზით ან მისი მუქარით მიერთება.

საქართველო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან; ხელი არ შეუშალოს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების დაშვებას; უკან წაიღოს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და იგივე გაიმეოროს საქართველოსთან მიმართებით - გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, დაუშვას აღნიშნულ რეგიონებში ჰუმანიტარული წვდომა და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება.