Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაეროსთან საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის, დავით აბესაძის განცხადება გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) გენერალურ დებატებზე: „გაერო 80 წლის: ცვლილებების კატალიზატორი მდგრადი განვითარებისთვის“

გაეროსთან საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დავით აბესაძემ ხაზი გაუსვა 2030 წლის დღის წესრიგისადმი საქართველოს ურყევ ერთგულებას და მიზნების მისაღწევად გლობალური სოლიდარობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის აუცილებლობას. მან აღწერა მძიმე რეალობა, რომ 2030 წლის ვადამდე მხოლოდ ხუთი წელი რჩება და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მხოლოდ 35% არის შესრულებული და ყურადღება გაამხვილა მსოფლიოში არსებულ ურთიერთდაკავშირებული კრიზისების სიმრავლეზე. ამ გამოწვევებთან საბრძოლველად, მან ხაზი გაუსვა ერთობლივი სოლიდარობის, გლობალური თანამშრომლობისა და მრავალმხრივი დამოკიდებულების კრიტიკულ მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი, „მომავლის პაქტის“ შესაბამისად.

საქართველოს კონკრეტული პროგრესის ხაზგასმით, მან 2030 წლის დღის წესრიგის ძირითადი პრინციპისადმი - „უკან არავის მოტოვება“ (“Leaving no one behind”) ქვეყნის მტკიცე ერთგულებაზე ისაუბრა. ხაზი გაესვა, რომ გასულ წელს მესამე ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (Voluntary National Review) პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ  ახალი 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რათა უზრუნველყოს მისი „ხედვა 2030 - განვითარების სტრატეგიის“ ეფექტური განხორციელება. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ საქართველო 2025 წლის ბოლომდე მდგრადი განვითარების მიზნების სრულად ლოკალიზებას 64 მუნიციპალიტეტში გეგმავს.

დავით აბესაძემ ცალკე გამოყო მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი, რომელიც მშვიდობაზე, სამართლიანობასა და ძლიერ ინსტიტუტებზეა ორიენტირებული, როგორც „ყველა სხვა მდგრადი განვითარების მიზნის წინსვლის ხერხემალი“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს ძალისხმევა ეფექტიანი, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და კორუფციისგან თავისუფალი ინსტიტუტების გასაძლიერებლად. აქვე მან ისაუბრა, საქართველოს მიერ 2026 წლის ივნისში, თბილისში გაეროს საჯარო სამსახურის ფორუმის მასპინძლობის მოლოდინზე, რომლის მოსამზადებელი სამუშაოებიც უკვე დაწყებულია.

დავით აბესაძემ ასევე ისაუბრა გარემოსდაცვითი მდგრადობის საკითხზე და ხაზი გაუსვა, გლობალური კლიმატური კრიზისის პირობებში, საქართველოს ვალდებულებას მდგრადი განვითარების მე-14 მიზნის („წყლის ქვეშ სიცოცხლე“ “Life Below Water”) მისაღწევად. მან ისაუბრა, თუ როგორ აისახება ეს ვალდებულება ქვეყნის მე-4 ეროვნულ გარემოსდაცვით სამოქმედო პროგრამაში (2022-2026), რომელიც ხელს უწყობს ურთიერთდაკავშირებული მტკნარი წყლის და საზღვაო სისტემების მდგრად მართვას. გარდა ამისა, მან ისაუბრა საქართველოს მიერ მდგრადი თევზჭერის მართვის საკითხში წინსვლის თაობაზე.

გაეროსთან საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუმებულმა ყურადღება გაამახვილა, რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ადამიანურ ფასზე. მან განაცხადა, რომ ეს უკანონო ოკუპაცია ტრაგიკულად ართმევს, ოკუპაციის ხაზის მეორე მხარეს მყოფ ადამიანებს შესაძლებლობას, ისარგებლონ ოკუპაციის ხაზის მიღმა, დანარჩენ საქართველოში მიმდინარე პოზიტიური მოვლენებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პირები კვლავ „უკან მოტოვებულნი არიან“ (left behind) და სერიოზული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების გამოწვევების წინაშე დგანან.

გამოსვლის დასასრულს, დავით აბესაძემ  საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ ხელი შეუწყონ ახალ პარტნიორობას და კატალიზატორი გახდნენ ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის, რამდენიმე მნიშვნელოვანი წლისთავის კონტექსტში: გაეროს 80 წლის იუბილე, პეკინის დეკლარაციისა და მოქმედების პლატფორმის 30 წლის იუბილე და ისტორიული 2030 წლის დღის წესრიგის მიღებიდან ათი წლისთავი.