გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩევლის, აკაკი დვალის მიერ გაკეთებული განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე უშიშროების საბჭოს მიერ ვეტოს გამოყენების საკითხთან დაკავშირებით
2024 წლის 20 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი, აკაკი დვალი სიტყვით გამოვიდა გაეროს 79-ე გენერალური ასამბლეის 41-ე პლენარულ სესიაზე, რომელიც მიეძღვნა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ვეტოს გამოყენების საკითხს.
თავის გამოსვლაში, უფროსმა მრჩეველმა ისაუბრა გაეროს გენერალური ასამბლეის 76/262 რეზოლუციის (ე.წ. ვეტო-ინიციატივის) მნიშვნელობაზე. მისი თქმით, რეზოლუცია აძლიერებს გენერალური ასამბლეის როლს, ვინაიდან მოითხოვს ასამბლეის ფორმალური სხდომის მოწვევას, უშიშროების საბჭოში ვეტოს გამოიყენების შემთხვევაში. აკაკი დვალმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო იყო 76/262 რეზოლუციის თანასპონსორთა შორის.
უფროსმა მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ ვეტოს უფლების არსებობის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს არ შესწევს უნარი მოახდინოს კონფლიქტების პრევენცია და მათი შეჩერება. ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ 2008 წელს უშიშროების საბჭომ ვერ მოახერხა რუსეთის აგრესიის შეჩერება საქართველოში, ვინაიდან რუსეთმა გამოიყენა ვეტო გაეროს წესდების 27-ე მუხლის დარღვევით.
აკაკი დვალმა კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს პოზიცია გარკვეულ შემთხვევებში ვეტოს უფლების შეზღუდვის აუცილებლობის შესახებ. ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ახლახან მიღებული „მომავლის პაქტი“ ნათლად წარმოაჩენს ამ კუთხით უშიშროების საბჭოს რეფორმის აუცილებლობას.