გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლის, თემურ ფიფიას განცხადება მრავალმხრივი სისტემისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მეშვეობით საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებზე
გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, თემურ ფიფიამ გამოსვლისას გამოხატა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა მრავალმხრივი სისტემისა და წესებზე დაფუძნებული გლობალური საერთაშორისო სისტემის მიმართ (რომლის ცენტრში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა), როგორც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების აუცილებელი ინსტრუმენტისადმი.
თემურ ფიფიამ ხაზი გაუსვა მრავალმხრივი სისტემისთვის მიმდინარე რთულ პერიოდს და აღნიშნა, რომ დაარსებიდან თითქმის რვა ათწლეულის შემდეგ, გაეროს ძირითადი პრინციპები ხშირად ირღვევა, რაც ფართომასშტაბიან კონფლიქტებს იწვევს. მან ასევე ხაზი გაუსვა ისეთი სერიოზული საფრთხეების გააქტიურებას, როგორიცაა ჰიბრიდული ომი, პანდემიური დაავადებები, კიბერსაფრთხეები, დეზინფორმაციის სწრაფი გავრცელება და გლობალურ სტაბილურობაზე კლიმატის ცვლილების შეუქცევადი შედეგები.
მან აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, თავად საქართველოა ამ დარღვევების მსხვერპლი, რადგან რუსეთის მიერ მისი ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - უკანონო ოკუპაცია გრძელდება. თემურ ფიფიამ განაცხადა, რომ ხსენებული უკანონო ოკუპაცია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, გაეროს ქარტიის და რუსეთის ფედერაციის მიერ აღებული სხვა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების აშკარა დარღვევას.
განცხადებაში საუბარი შეეხო ადგილობრივ მოსახლეობასა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე, მიმდინარე უკანონო ოკუპაციის მძიმე ზემოქმედებას, მაშინ როდესაც ორივე რეგიონი კვლავ მძიმედ მილიტარიზებულია სრულმასშტაბიანი რუსული სამხედრო ბაზებით. საქართველოს დელეგატმა გამოთქვა ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ ხსენებული ქართული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მუდმივი მცდელობების გამო, ახდენს რა ოკუპირებული რეგიონების თანდათანობით უკანონო ინტეგრირებას თავის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ სისტემებში. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მექანიზმებს კვლავ არ აქვთ წვდომა ოკუპირებულ რეგიონებში.
თემურ ფიფიას განმარტებით, საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ადამიანის უფლებების დასაცავად და მდგრადი განვითარების მისაღწევად, აუცილებელია მტკიცე მრავალმხრივი სისტემა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მკაცრი დაცვა. მან აქვე აღნიშნა, რომ მულტილატერალიზმი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ეფექტიანი, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრი განუხრელად იცავს საერთო წესებსა და პრინციპებს.
ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს გაეროს სისტემის ყოვლისმომცველ რეფორმას, განსაკუთრებით უშიშროების საბჭოს ფარგლებში, რაც ასახულია ცოტა ხნის წინ მიღებულ „მომავლის პაქტში“. ხაზი გაესვა, რომ საქართველო მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს თანასწორ წარმომადგენლობას და გაფართოებას, ვეტოს გამოყენების რეფორმას, ასევე სამუშაო მეთოდებისა და გადაწყვეტილების მიღების პრინციპების გაუმჯობესებას. აღინიშნა, რომ ეს რეფორმები, გენერალური ასამბლეის წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდასთან ერთად, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენენ საბჭოს ლეგიტიმურობის, ავტორიტეტისა და სანდოობის გასაძლიერებლად.
თემურ ფიფიამ ასევე ხაზი გაუსვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და რეგიონულ ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტების პრევენციის, კონფლიქტის შემდგომი აღდგენის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საკითხებში. აღინიშნა, რომ რეგიონულ ორგანიზაციებს გააჩნიათ უნიკალური შესაძლებლობები, გაუმკლავდნენ რეგიონულ და სუბრეგიონულ გამოწვევებს.
დასასრულს, მან აღნიშნა, რომ მშვიდობის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების კოლექტიური დაპირება მთლიანად დამოკიდებულია გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლისადმი მტკიცე ერთგულებაზე.
