გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების (NPT) მიმოხილვის კონფერენციაზე.
გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების (NPT) მიმოხილვის კონფერენციაზე. მუდმივმა წარმომადგენელმა დაადასტურა საქართველოს ერთგულება ხელშეკრულებისადმი, რომელიც გლობალური ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის საფუძვლებს წარმოადგენს. ასევე, ხაზი გაესვა ხელშეკრულების სამივე საყრდენი მიმართულების (ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, ბირთვული განიარაღება, ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენება) მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მათ შორის ბალანსის დაცვა აუცილებელია საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს წარმომადგენელმა ისაუბრა გლობალური უსაფრთხოების გარემოსა და მზარდი ბირთვული რისკების შესახებ. ამ კონტექსტში, მუდმივმა წარმომადგერნელმა დაგმო რუსეთის ფედერაციის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა და საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებული ვითარების გათვალისწინებით. დავით ბაქრაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
განცხადების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საერთაშორისო ზედამხედველობის გამოწვევებს. აღინიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, კვლავ რჩება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების მიღმა, რაც ხელს უშლის გამჭირვალობას და ვერიფიკაციის პროცესს. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველომ აღკვეთა ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვის მცდელობები, თუმცა საერთაშორისო წარმომადგენლობის შეზღუდვა ამ რეგიონებში რჩება სერიოზულ გამოწვევად სრულფასოვანი მონიტორინგისთვის.
მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გარანტიების სისტემისა და ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების (CTBT) მიმართ.
