საქართველომ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, მეორე კომიტეტში ეკონომიკური პროგრესი და განვითარების პრიორიტეტები წარადგინა
2025 წლის 3 ოქტომბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, გაიმართა მეორე კომიტეტის სხდომა, რომლის გენერალური დებატების თემა იყო „2030 წლამდე ხუთი წელი: მდგრადი განვითარებისთვის მრავალმხრივი გადაწყვეტა“.
7 ოქტომბერს, გენერალური დებატების ფარგლებში, საქართველოს სახელით ეროვნული განცხადება გააკეთა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, თემურ ფიფიამ. მან კომიტეტს გააცნო საქართველოს მიღწევები „დღის წესრიგი 2030“-ისა და „მომავლის პაქტის“ იმპლემენტაციის გზაზე.
მან ხაზი გაუსვა ქვეყნის შთამბეჭდავ ეკონომიკურ შედეგებს. აღინიშნა, რომ გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საშუალოდ 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა. ითქვა, რომ მთავრობა აგრძელებს სტრუქტურულ რეფორმებს სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაციის, რეგიონული სავაჭრო კავშირების გაუმჯობესებისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.
დელეგატმა აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლომდე იგეგმება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) სრული ლოკალიზაცია 64-ვე მუნიციპალიტეტში, რისთვისაც დამტკიცდა შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ციფრული ტრანსფორმაციის კონტექსტში, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის (AI) როლს განვითარებაში. აღინიშნა, რომ მიღებულია „საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების სტრატეგია 2025-2030 წლებისთვის“, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ითქვა, რომ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად კი, საქართველო მესამე თაობის, უფრო ამბიციური „ეროვნულად განსაზღვრული წვლილის“ (NDC 3.0) დოკუმენტს მიიღებს.
თემურ ფიფიამ განცხადებაში ყურადღება გაახვილა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე, რის გამოც საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოსახლეობა, სამწუხაროდ, მოკლებულია იმ პოზიტიურ ცვლილებებსა და განვითარების შესაძლებლობებს, რაც დანარჩენ საქართველოში მიმდინარეობს.
